კახეთი

ქალაქი

ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი, წნორი.

ადმ. ერთეული

8 მუნიციპალიტეტი

საერთო ფართობი

11 379 კვ/მ

მოსახლეობა (2002)

409 551

კახეთის მხარე - მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების კახეთის, ჰერეთის (ნაწილობრივ) და თუშეთის ტერიტორიებს. კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული.

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი. მათ შორის უმნიშვნელოვანესია: ალავერდის ეკლესია, იყალთოს მონასტერი, დავით-გარეჯის მონასტერი, გრემის ნაქალაქარი, ნეკრესის ეკლესია, წინანდლის ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი.

ალავერდის სამონასტრო კომპლექსი და, იმავდროულად საეპისკოპოსო ცენტრი, ალაზნის ველზე მდებარეობს. კომპლექსის მთავარი ტაძარი XI საუკუნის დასაწყისში წმინდა გიორგის სახელზეა აშენებული და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკლესიაა. ალავერდი გარედან ძუნწად არის შემკული ორნამენტებით, რაც დამახასიათებელია კახეთის ძეგლებისათვის.

ქალაქი სიღნაღი XVIII საუკუნეში, მეფე ერეკლეს დროს აშენდა და შემოიზღუდა დიდი გალავნით, რომელსაც 23 კოშკი და 5 ჭიშკარი ჰქონდა. მოგვიანებით, როცა სიღნაღის მცხოვრებთა რაოდენობა გაიზარდა, გალავნის ნაწილი ქალაქის შიგნით მოიქცა. დღევანდელი ქალაქის დიდი ნაწილი XIX საუკუნეშია გაშენებული.